02/04/2026
შაბათს, 4 აპრილს, სამ საათზე, მოქალაქეები მესამედ იკრიბებიან კანცელარიასთან მიუსაფარი ცხოველების დასაცავად. გთხოვთ, შემოგვიერთდეთ ყველა, ვინც თვლის, რომ მიუსაფრების პრობლემა უნდა გადაიჭრას ჰუმანურად, სტერილიზაცია/კასტრაციის სრულფასოვანი პროგრამით და არა ჩვენი ოთხფეხა მეგობრების უკაცრიელ ტერიტორიაზე მიტოვებით, დაძინებით ან დაწვით.
33,000-ზე მეტი მოქალაქე და 40-ზე მეტი ორგანიზაცია მოითხოვს (სრული განცხადება იხილეთ აქ: bit.ly/gantskhadeba):
1) თავშესაფარში [სტერილიზაციისთვის] გადაყვანილი ცხოველი უნდა დაბრუნდეს პირვანდელ საცხოვრებელ არეალში და ნებისმიერი მოქალაქისთვის საჯარო უნდა იყოს ამის დამადასტურებელი ფოტო ან ვიდეო მასალა. ახალ ლოკაციაზე დაბრუნებისას ცხოველი კარგავს ორიენტაციასა და საკვებ წყაროებს. შესაძლოა, ახალ ლოკაციაზე მოუწიოს სხვა ძაღლებთან კონკურენციაში შესვლა და თავის დაცვა. საერთაშორისო გზამკვლევების მიხედვით, თუკი ცხოველს მის პირვანდელ არეალში არ ვაბრუნებთ, მას ვწირავთ სიკვდილისათვის და ამ შემთხვევაში სტერილიზაცია/კასტრაციის პროგრამა აზრს კარგავს.
„პირვანდელ არეალში დაბრუნების“ ვალდებულება უნდა გაიწეროს კანონშიც, განკარგულებებშიც და, რაც მთავარია, უნდა დაინერგოს პრაქტიკაშიც. N412 განკარგულებიდან ამოსაღებია ბუნდოვანი ჩანაწერი (მუხლი 3, პუნქტი 3) დაბრუნების არეალის შეზღუდვაზე.
2) სააგენტომ თავშესაფარში არ უნდა გადაიყვანოს ცხოველი, თუ ამის საჭიროება არ დგას. სანაცვლოდ: ა) თუ ცხოველი უკვე სტერილიზებულია, ვაქცინაცია და აღრიცხვა უნდა ჩატარდეს ადგილზევე; ბ) შესაძლებლობის ფარგლებში სააგენტომ უნდა ითანამშრომლოს ადგილობრივ და მობილურ კლინიკებთან.
3) სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ნებისმიერ მიმკედლებელს თუ დაინტერესებულ მოქალაქეს უნდა მიაწოდოს ოფიციალური, დოკუმენტებით გამყარებული ინფორმაცია იმაზე, თუ სად იმყოფება/სად დასვეს ნებისმიერი გაუჩინარებული ცხოველი.
---
This Saturday at 3pm, citizens are gathering for the third time outside the government administration building in Tbilisi to demand humane treatment of stray animals. Join us if you believe the stray overpopulation problem should be solved humanely, through a proper sterilization program, not by abandoning, putting down, or burning our four-legged friends.
Over 33,000 citizens and 40+ organizations are demanding (full statement: bit.ly/gantskhadeba):
1) Animals taken in for sterilization must be returned to their original territory, with photo or video proof made publicly available. The obligation to return animals to their original territory must be written into law and, critically, put into practice.
2) Animals that are already sterilized should not be transported to shelters unnecessarily.
3) The National Food Agency must provide official, documented information to any concerned citizen about the whereabouts of any animal that has gone missing.